საქართველოში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა გაიზარდა, თხის და ცხვრის - შემცირდა

საქართველოში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა გაიზარდა, თხის, ცხვრის და ღორის კი შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით გაიზარდა და 1.0 მილიონი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 452.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1 პროცენტით ნაკლებია.

ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.7 პროცენტით შემცირდა და 984.7 ათასი სული შეადგინა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ღორის რაოდენობა 192.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 13.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.