ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვისაა განკუთვნილი და თუ საჭიროება იქნება, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.

როგორც წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით და ის მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება.

მისივე თქმით, აღნიშნულ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

“ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით მოხერხდა საველე ჰოსპიტალის გაშლა. აღნიშნული ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვის არის განკუთვნილი. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის ლაბორატორიული ადგილიც, ასევე ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. შესაბამისად, თუ საჭიროება დადგება, მოვემსახუროთ მოსახლეობას, რომ არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება. გამოცდილება გვაქვს და თუ ამის საჭიროება მომავალშიც დადგება, ჩვენ და ჩვენს თანამშრომლებს შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში, სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტალები. მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს ამ ღირებული სამუშაოს გაწევისთვის. თუ ამის საჭიროება იქნება, საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება მოხდება“ , - განაცხადა წოწკოლაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ საველე ჰოსპიტალი არის ღია სივრცე და ერთ ექიმს უფრო მეტი პაციენტის მომსახურება შეეძლება, ვიდრე ჰოსპიტალში.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ წითელ ჯვართან მჭიდრო კავშირი გვაქვს, ექიმების მობილიზებას მათთან ერთად ვახდენთ. თუ საჭიროება იქნება, ყველა ექიმი, მათ შორის, სამხედრო ექიმებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. საველე ჰოსპიტალის მომსახურება არ არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალური სექტორის მომსახურება, აქ არ არის პალატები, არის ერთიანი სივრცე, შესაბამისად 1 ექიმს შეუძლია უფრო მეტ საწოლს მოემსახუროს, ვიდრე ეს ჰოსპიტალებში ხდება, ასე რომ, ჯანდაცვის სამინისტროს ყველაფერი გვაქვს გათვლილი“, - აღნიშნა წოწკოლაურმა. მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ფართი პაციენტების მოსამსახურებლად საჭირო არ გახდება.

„როგორც მოგეხსენებათ, არის რიგი რეგულაციები შემოღებული და იმედი გვაქვს, რომ ეს შეამსუბუქებს გაზრდილ სტატისტიკას და შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ფართი პაციენტების მოსამსახურებლად არ დაგვჭირდება, თუმცა თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება და საჭიროება დადგება, აქ მოვემსახურებით პაციენტებს”, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.