SpaceX-მა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა

SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში GITA-სა და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შესაბამისად, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტიციები მოიზიდონ ფონდიდან და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.

სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრები გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორთან Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან.

უწყების ინფორმაციით, 500Startups-ის პროგრამის Showcase Day სან-ფრანცისკოში გაიმართა და 500Georgia პროგრამის მონაწილე ოთხი სტარტაპი Payze - ფეიზი, Agrolabs, Cardeal.ge და Cargon - კარგონი აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

საქართველოში დატა ცენტრების გახსნისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა Oracle-თან, რაც ქართველი IT სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში, ხოლო ქართულ სტარტაპებს - Oracle-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის შედეგად, SpaceX-მა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა. შესაბამისად, საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან მოხდება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.