ციფრული ვალუტების ბაზრის მოცულობა 2 ტრილიონ დოლარს ისევ ასცდა

მაისიდან მოყოლებული პირველად, ციფრული ვალუტების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 2 ტრილიონ დოლარს ისევ ასცდა. CNBC-ს ინფორმაციით, ეს ძირითადად, ბიტკოინზე მოთხოვნის ზრდის შედეგია.

ბიტკოინის ფასი უქმეებზე 48 ათას დოლარს ასცდა, თუმცა ახალი სავაჭრო კვირის დაწყების შემდეგ, Coindesk-ის მონაცემებით, 47.4 ათას დოლარზე ჩამოვიდა. ციფრულ სავაჭრო პლატფორმა „ლუნოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ ვიჯეი აიარის აზრით, ბიტკოინის ფასს ის გარემოება ზრდის, რომ 30 ათას დოლარამდე გაიაფების შემდეგ, დიდმა მოთამაშეებმა მისი შესყიდვა დაიწყეს.

ზაფხულის პირველ ორ თვეში, ბიტკოინი მკვეთრად დაეცა, რაც ბიტკოინთან და მთლიანად ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია.

აპრილში ბიოტკოინის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს, 64 ათას დოლარს მიღწია, თუმცა ივლისში მისი ფასი 30 ათას დოლარზე დაბლა დაეცა. მთავარი სიახლე, რასაც ფასების ვარდნა მოჰყვა, ჩინეთში რეგულაციების მორიგი გამკაცრება იყო. ამას მოჰყვა ჩინეთში ბიტკოინის მოპოვების სრულად შეწყვეტა და ამ პროცესმა მეზობელ რეგიონებში გადაინაცვლა.

გარდა ამისა, ბიტკოინთან და სხვა ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით, თავისი გეგმები აქვს შეერთებულ შტატებს, რომლის სენატმაც, შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ციფრული ვალუტების ბაზრისადმი მტრულად გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ციფრული ვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიზღუდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა, მალე 55 ათასიან ნიშნულზე ავიდეს, თუმცა შემდეგ ისევ 30 ათასზე ჩამოვა, რის შემდეგაც, 100 ათასი დოლარისკენ ზრდის გზას (2022 წელს) დაადგება.