რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ავღანეთში

ავღანეთს უკვე რამდენიმე დღეა თალიბები აკონტროლებენ. მსოფლიო კი ცდილობს საკუთარი მოქალაქეები ქვეყნიდან გაიყვანოს. ავღანეთიდან გარბიან ადგილობრივებიც. ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ავღანეთთან, ასევე რას ყიდის და ყიდულობს იქ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველო-ავღანეთს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის განახევრდა. თუ წელს 2 ქვეყანას შორის ბრუნვის მოცულობა შეადგენდა 363,5 ათას დოლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 713,4 ათასი დოლარი იყო. ბრუნვის შემცირებაზე კი გავლენა ძირითადად იმპორტის კლებამ გამოიწვია. თუ შარშან 6 თვეში საქართველომ ავღანეთში 584,5 ათასი დოლარის პროდუქტი იყიდა, წელს ეს მაჩვენებელი 14 ათას დოლარამდე შემცირდა.

რაც შეეხება ექსპორტს, აქ ზრდა გვაქვს, უფრო კონკრეტულად, წელს 6 თვეში საქართველოდან ავღანეთში ექსპორტმა 349,5 ათასი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 128,8 ათასი დოლარი.

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ავღანეთში ექსპორტზე მხოლოდ 7 პროდუქტი გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილები.

ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალი ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები - 277,8 ათასი დოლარი
  • ინსტრუმენტი ხელის პნევმატური, ჰიდრავლიკური ან ჩადგმული ძრავით - 35,9 ათასი დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 24,5 ათასი დოლარი
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 9,59 ათასი დოლარი
  • საზომი ან საკონტროლო ხელსაწყოები, სხვა - 700 დოლარი
  • ჩარხები ხის, კორპის ან ანალოგიური მყარი მასალების დასამუშავებლად - 420 დოლარი
  • ჩარხები სალესი, სახეხი და სხვა ოპერაციის შესასრულებლად - 400 დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში საქართველომ ავღანეთში მხოლოდ 2 პროდუტი იყიდა, კერძოდ, 13,93 ათასი დოლარის ღირებულების ტრაქტორები და უნაგირა საწევარები, და ასევე ცხოველების ნაწლავები, ბუშტები და კუჭები, მთლიანი ან ნაჭრებად დაფასოებული, სულ რაღაც 100 დოლარის ღირებულების.