”არანორმალურია, რომ მსოფლიოში საწვავზე ფასების კლება ხდება თანმიმდევრულად, საქართველოში კი დაგვიანებით”

არანორმალურია ის, რომ მსოფლიოში საწვავზე ფასების კლება ხდება თანმიმდევრულად, საქართველოში კი დაგვიანებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარკვევას საჭიროებს, ხომ არ აქვს ადგილი მონოპოლიას ან რაიმე კარტელურ შეთანხმებას. "საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღითიდღე კლებულობს, თუმცა არ ხდება ამის ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. კონკურენციის სააგენტო მუშაობს ამ საკითხზე და რამდენიმე დღეში დაასრულებს პირველად შესწავლას - მას კომუნიკაცია აქვს იმპორტიორებთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს, ვაკვირდებით თუ როგორ დააკლებენ ფასებს იმპორტიორები. ეს უნდა იყოს ადეკვატური. რა თქმა უნდა, არანორმალურია ის, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ფასების კლება თანმიმდევრულად, საქართველოში კი - დაგვიანებით. საჭიროა გარკვევა, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე კარტელურ შეთანხმებას და საქმე ხომ არ გვაქვს მონოპოლიებთან. ამას მალე გავარკვევთ და ადეკვატური რეაგირება ექნება ყველაფერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.