ჯანდაცვის მინისტრი - თბილისში კიდევ ერთი ლოკაცია ემატება, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია

თბილისში კიდევ ერთი ლოკაცია ემატება, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის პუნქტი ავლაბრის ტერიტორიაზე განთავსდება, დამატებითი დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტიკარაძემ ასევე საველე ჰოსპიტლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რესურსის მობილიზება უჭირთ.

„თბილისში კიდევ ერთი ლოკაცია ემატება, სადაც იქნება მასობრივი ვაქცინაცია, ეს არის ავლაბრის ტერიტორიაზე, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. იქნება განთავსებული 10-ზე მეტი ბრიგადა და შესაბამისად, გამტარობა 1000-1500 პაციენტამდე დღეში. რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს და მობილიზაციას, ჩვენ გამოვაცხადეთ მზადყოფნა და არის შესაბამისი რესურსი მობილიზებული, თუმცა, რა თქმა უნდა, არაერთხელ ვაცხადებთ თუ რამდენად გვიჭირს უკვე რესურსის მობილიზება. ამ ადამიანებს შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნიათ და ისინი მზად არიან, რომ გაუწიონ პაციენტებს მომსახურება ამ ლოკაციაზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იქნება ყველაზე ბოლო გამოსავალი და ეს იქნება ყველაზე ბოლო წერტილი, როდესაც ჩვენ საველე ჰოსპიტლებს გამოვიყენებთ, ვინაიდან ჩვენთვის პრიორიტეტი არის ყველა პაციენტმა მიიღოს საჭირო და კომფორტული მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტორში და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ეტაპისთვის დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში", - განაცხადა ტიკარაძემ.