„საქსტატი“ - 2021 წლის II კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

2021 წლის II კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასაკლაოთაგან 20.0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 16.0 პროცენტი - კახეთში, 14.0 პროცენტი - იმერეთში, 12.0 პროცენტი - შიდა ქართლში, 12.0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 83.6 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 33.0 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 67.0 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 678.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში 9 174.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 32.7 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4 პროცენტი - ფრინველის, 24.4 პროცენტი - ღორის, 1.3 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 7.7 ათას პირს, საიდანაც 28.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 837 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 30.0 ლარი, ცხვრის ან თხის - 14.2 ლარი, ხოლო ღორის - 26.5 ლარი.

2021 წლის II კვარტალში საქართველოში 127 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (49.6 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.4 პროცენტი), ქ. თბილისში (10.2 პროცენტი), ქვემო ქართლის (7.9 პროცენტი), აჭარის (7.1 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (5.5 პროცენტი), იმერეთის (3.9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის (1.6 პროცენტი) და გურიის (0.8 პროცენტი) რეგიონებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 5.0 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 5.9 მლნ ლარი შეადგინა.

„2021 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 52.5 მლნ ლარის ღირებულების (10.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 28.0 პროცენტი, ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების პროდუქციამ - 47.1 პროცენტი. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 68.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (38.4 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.6 პროცენტი) და თევზეული (18.5 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 50.0 პროცენტს, მაისში - 52.1 პროცენტს, ხოლო ივნისში - 50.9 პროცენტს.

2021 წლის II კვარტალში საქართველოში 46 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (52.2 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 23.9 პროცენტი ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 8.7 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 4.3 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 4.3 პროცენტი - ქ. თბილისში, 4.3 პროცენტი იმერეთის და 2.2 პროცენტი გურიის რეგიონებში. 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 93.1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 69.7 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 76.3 მლნ. ლარის ღირებულების 74.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 61.2 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების,“- ნათქვამია ინფორმაციაში.