ჯეფ ბეზოსი სასამართლოს მიმართავს - NASA-მ მთვარის მისია ილონ მასკს მიანიჭა

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბეზოსი NASA-ს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე ამერიკელი ასტრონავტების ასაფრენი ხომალდის შექმნაზე კონტრაქტი ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს გაუფორმა.

„ჩვენი სარჩელი წარმოადგენს მცდელობას, რომ მთვარეზე ადამიანების გადაყვანის სისტემის შესყიდვებში აღმოჩენილი ხარვეზები გამოსწორდეს. ეს ხარვეზები სამართლიანობის აღსადგენად, კონკურენციის შესაქმნელად და მთვარეზე ამერიკელების უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად უნდა გამოსწორდეს,“ - აცხადებენ Blue Origin-ში.

გასულ თვეს აშშ-ს მთავრობის საანგარიშო ოფისმა (Government Accountability Office-GAO) მხარი დაუჭირა NASA-ს გადაწყვეტილებას, აერჩია მთვარის ლანდერის მხოლოდ ერთი მიმწოდებელი Blue Origin-ის პრეტენზიების უგულვებელყოფით.

სარჩელი დახურულია და მასზე NASA-მ 12 ოქტომბრამდე უნდა უპასუხოს. კოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ნათქვამა, რომ საქმის დეტალებს სწავლობენ.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთვარეზე გავფრინდებით და იქ დავრჩებით, რომ სამეცნიერო კვლევების საშუალება მოგვეცეს, განვავითაროთ ახალი ტექნოლოგიები და შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები უფრო დიდი მიზნისთვის, რომ გავგზავნოთ ასტრონავტები მარსზე,“ - წერია NASA-ს განცხადებაში.

სააგენტო იუწყება, რომ პროგრამა Artemis-ის ფარგლებში, მთვარეზე სწრაფად და უსაფრთხოდ დაბრუნების შესახებ განახლებულ ინფორმაციას საზოგადოებას მალე მიაწვდის. Artemis სამთავრობო პროგრამაა და 2017 წლიდან მოქმედებს. მისი მისია, 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე ადამიანის დაბრუნებაა.

Blue Origin და თავდაცვის კონტრაქტორი Dynetics ამტკიცებენ, რომ NASA ვალდებული იყო, ერთი კი არა, რამდენიმე დეველოპერი აერჩია, რასაც GAO უარყოფს და აცხადებს, რომ მხოლოდ SpaceX-ის შერჩევით კოსმოსურ სააგენტოს არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია.

აპრილში NASA-მ კომპანია SpaceX-თან მთვარის ლანდერის 2024 წლისთვის შექმნის შესახებ 2,9 მლრდ დოლარის კონტრაქტი დადო, რასაც Blue Origin-ში „უსამართლო უპირატესობას“ უწოდებენ. ჯეფ ბეზოსი NASA-ს 2 მლრდ დოლარის ხარჯის დაფარვასაც სთავაზობდა, თუკი აშშ-ს კოსმოსური სააგენტო მთვარის ლანდერზე მის კომპანიას დაუდებდა კონტრაქტს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ