იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები კოვიდ-ბარათების გაცემას იწყებენ. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მომხმარებელს კოვიდ-ბარათის მიღება საქართველოს მასშტაბით, ყველა ფილიალში შეეძლება. კოვიდ-ბარათზე, პირისთვის სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR-კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემები იქნება დატანილი, რომელიც იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმდება.

კოვიდ-ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა და დოკუმენტი განცხადების წარდგენისთანავე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, კოვიდ-ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად, აპოსტილი/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, აღნიშნული სერვისის მიღებას ისინი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეძლებენ.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 490 462 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 429 190 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 483 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 79 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 3 481 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 965 პირი. სულ აცრილია 831 815 მოქალაქე.