ბანკების მიმართ პრეტენზიები იზრდება - რა საკითხებზე ედავება მომხმარებელი ფინანსურ სექტორს

2021 წლის იანვარ-ივნისში მომხმარებლების მხრიდან კომერციული ბანკების წინააღმდეგ 10 711 საჩივარი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია. შარშან 6 თვეში ბანკების მიმართ 9 996 საჩივარი დაიწერა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისის პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 7 308 განაცხადი
  • სამომხმარებლო სესხი - 983 განაცხადი
  • ინტერნეტბანკი – 496 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული პრეტენზიებიდან 7 224 ტრანზაქციებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 1 156 განაცხადი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში საფინანსო ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.