ამერიკაში Pandora-ს გაყიდვები გაიზარდა, ჩინეთში - შემცირდა

საიუველირო მაღაზიათა დანიური ქსელი Pandora მეორე კვარტლის გაყიდვებით აშშ-ში კმაყოფილია, ჩინეთში კი არა. თუმცა კომპანიის მთლიანი გაყიდვები აპრილ-ივნისის პერიოდში, პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ში კვარტალური გაყიდვები, შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა, ხოლო 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 63%-ით გაიზარდა. მიზეზად სტიმულირების მასიური სამთავრობო პროგრამები და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელდება, რამაც, ზოგადად, საქონელსა და მომსახურებაზე ამერიკელი მომხმარებლების დანახარჯები გაზარდა.

Pandora-ში ხედავენ ნიშნებს, რომ კომპანია აშშ-ს უმსხვილესი ბაზრის ძირითად ნაწილს იპყრობს, თუმცა პროგნოზირებენ, რომ წლის მეორე ნახევარში ზრდის სწრაფი ტემპი დაეცემა.

„ჩვენი გაყიდვების ზრდის შესახებ წლის მეორე ნახევრის მოლოდინები, პირველ ნახევართან შედარებით, შევამცირეთ. თუმცა პროგნოზი გავზარდეთ ევროპაში იმ პერიოდისთვის, როცა მაღაზიები გაიხსნება და ამას თვალნათლივ ვხედავთ,“ - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლაჩიკი.

ჩინეთში, მსოფლიოს მეორე უმსხვლეს საიუველირო ბაზარზე, Pandora-ს გაყიდვები მეორე კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით შემცირდა.

თვის დასაწყისში დანიურმა კომპანიამ წლიური გაყიდვებისა და მოგების პროგნოზები გაზარდა, რადგან კოვიდპანდემიის გამო იმაზე ცოტა მაღაზიის დახურვა მოუწევს, ვიდრე მანამდე ვარაუდობდა. ამასთან, Pandora-მ დღეს აქციათა გამოსყიდვის ახალი პროგრამა გამოაცხადა.

წელს კომპანიის აქციები 25%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ