რა შემოსავალი ჰქონდა „აჭარაბეთის“ პანდემიურ 2020 წელს

ბოლო რამდენიმე წელიწადია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიების ათეულში საშუალოდ 5-6 აზარტული თამაშებით არის დაკავებული. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალშიც ტოპ-10 კომპანიას შორის 6 სწორედ სათამაშო ბიზნესი იყო. მათ შორის, ერთ-ერთი შპს „ავიატორია“ („აჭარაბეთი“).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორი იყო 2020 პანდემიური წელი იმ ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობა ფიზიკურად ფაქტობრივად, გაჩერებული იყო და კომპანია მხოლოდ ონლაინ ოპერირებდა. აღმოჩნდა, რომ ფიზიკური კაზინოების გაჩერებას კომპანიისთვის ზარალი არ მოუტანია, მეტიც, 2020 წელს „ავიატორს“ მოგებაც გაეზარდა და შემოსავალიც.

როგორც „ავიატორის“ ფინანსურ ანგარიშგებაშია აღნიშნული, (გამოქვეყნებულია reportal.ge-ზე) შარშან კომპანიამ 267,974 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. „ავიატორის“ წმინდა მოგება კი პანდემიურ 2020 წელს 84,851 მილიონი ლარი იყო, ეს 8,417 მილიონი ლარით მეტია 2019 წელთან შედარებით. მაშინ კომპანიის წმინდა მოგება 76,434 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წელს „ავიატორის“ (“აჭარაბეთის”) წმინდა მოგების მარჟა 32%-ია.

2020 წლის საანგარიშო პერიოდში კომპანიის ჯამური აქტივები 66,472 მილიონი ლარი იყო (2019 წელს 107,017 მილიონი ლარი). ამავე ანგარიშგების მიხედვით, შპს ავიატორმა 2020 წლისთვის ბიუჯეტში 21.9 მილიონი ლარი შეიტანა.

ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს კომპანიის 267,974-მილიონიანი შემოსავალი სეგმენტების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • წმინდა შემოსავალი ონლაინ კაზინოს თამაშებიდან - 238,444 მილიონი ლარი (2019 წელს კი 202,148 მილიონი ლარი)
  • შემოსავალი სამორინედან - 1,053 მილიონი ლარი (2019 წელს კი 4,577 მილიონი ლარი)
  • შემოსავალი ტოტალიზატორიდან - 1,853 მილიონი ლარი (2019 წელს კი 0 ლარი)
  • წმინდა შემოსავალი ონლაინ peer-to-peer თამაშებიდან - 16,432 მილიონი ლარი, (2019 წელს კი 12,280 მილიონი ლარი)
  • სხვა შემოსავალი (კლიენტებთან გარიგების) - 10,679 მილიონი ლარი (2019 წელს კი 1,809 მილიონი ლარი).

ამასთან, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელს “აჭარაბეთში” დასაქმებულთა სახელფასო ხარჯებმა 38,8 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიის მარკეტინგული ხარჯები 2020 წელს 38,708 მილიონი ლარი იყო, მათ შორის 13,192 მილიონი ლარი უშუალოდ სარეკლამო ხარჯი იყო, 15,834 მილიონი ლარი კი სხვადასხვა სახის წამახალისებელი გათამაშების.

შპს ავიატორი, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2014 წლის 22 დეკემბერს დარეგისტრირდა, რომლის 100%-იანი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ატლასს“ ეკუთვნის, ეს უკანასკნელი კი 2018 წლის 13 დეკემბერს დაფუძნდა. 2019 წლის თებერვალში მშობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი (51%) შეიძინა შპს „ატლას ჰოლდინგს“-მა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის 49%-ს ფლობს შპს „სითი ლოფტი“ (უმცირესობის წილის მფლობელი), ხოლო 51%-ს - „Flutter Entertainment PLC“ , რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე სათამაშო ბიზნესის ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით და ფლობს შპს „ატლას ჰოლდინგს“-ის 100%-იან წილს. მაკონტროლებელი პაკეტის Flutter Entertainment PLC-ის მფლობელი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც დაფუძნდა ირლანდიის რესპუბლიკაში და მისი აქციების ძირითადი ნაწილი კვოტირებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, დანარჩენი ნაწილი კი ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. შპს ავიატორის დირექტორი არჩილ კახიძეა.

2020 წლის ბოლოს შპს ავიატორში საშუალოდ დასაქმებული იყო 641 ადამიანი.