IKEA განახლებადი ენერგიის გაყიდვას იწყებს

მსოფლიოში ავეჯის უმსხვილესი ბრენდი, IKEA საოჯახო მეურნეობებზე განახლებადი ენერგიის გაყიდვას იწყებს, რასაც კომპანია სექტემბრიდან შვედეთის ბაზარზე დატესტავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

Ingka Group, რომელიც მსოფლიოში IKEA-ს მაღაზიების უმეტესი ნაწილის მფლობელია, აცხადებს, რომ ოჯახები შეძლებენ, შეიძინონ ხელმისაწვდომი განახლებადი ელექტროენერგია მზისა და ქარის პარკებიდან და მათ გამოყენებას აპლიკაციის საშუალებით თვალყური ადევნონ.

Ingka Group-ის პარტნიორი Svea Solar-ია, რომელიც IKEA- სთვის მზის პანელებს აწარმოებს. Svea Solar ელექტროენერგიას სკანდინავიურ ენერგეტიკულ ბირჟა Nord Pool-ზე შეიძენს და დამატებითი საფასურის გარეშე გაყიდის. შინამეურნეობები ფიქსირებულ ყოველთვიურ გადასახადს სისტემის შეცვლის საფასურთან ერთად გადაიხდიან.

IKEA, რომელიც ოჯახებისთვის მზის პანელებს 11 ბაზარზე ყიდის, აცხადებს, რომ მყიდველები აპლიკაციის საშუალებით შეძლებენ, თვალყური ადევნონ ელექტროენერგიის საკუთარ წარმოებას და ზედმეტი ელექტროენერგია პარკებს უკან მიჰყიდონ.

შვედეთში IKEA-ს მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი, იონას კარლეჰედი იმედოვნებს, რომ განახლებადი ენერგიისა და მზის პანელების გაყიდვებით IKEA მსოფლიოს ყველა ბაზარზე გავა.

„ჩვენ გვსურს, მდგრადი წყაროებიდან ელექტროენერგია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. IKEA-ს მიზანია, შექმნას განახლებადი ენერგიის ყველაზე დიდი მოძრაობა მთელს მსოფლიოში თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა კლიმატის ცვლილების დაძლევაში წვლილი შეიტანოს,“ - აცხადებს კარლეჰეიდი.

Ingka Group-ის გეგმა გულისხმობს, ელექტროენერგია მზისა და ქარის ხუთი ან ნაკლები წლის პარკებიდან გაიყიდოს, რათა განახლებადი ენერგიის პარკების მშენებლობისა და მომრავლების სტიმულირება მოხდეს.

IKEA მიზნად ისახავს, სითბური გაზების გამონაბოლქვი მთელ სამეწარმეო ჯაჭვში 2030 წლისთვის შეამციროს. ამასთან, მომხმარებლებისთვის განახლებადი ენერგიის შეთავაზება კომპანიისთვის შემოსავლების ახალ ნაკადს გააჩენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ