„კერძო სექტორი ბევრად მეტად არის მზად, ვიდრე სახელმწიფო“ - რა პერსპექტივა აქვს საქართველოში ფიტნეს-კურორტების განვითარებას

,,ამ კუთხით, კერძო სექტორი ბევრად მეტად არის მზად, ვიდრე სახელმწიფო და მის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებში“, - ასე შეაფასა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ფიტნეს-ტურიზმის პოტენციალი საქართველოში.

მაია სიდამონიძის თქმით, დიდ სასტუმროებს მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ ფიტნეს მიმართულება, თუმცა ეს სფერო საქართველოში განვითარებადია.

,,ფიტნეს ტურიზმი საკმაოდ ბევრ კომპონენტს მოიცავს და საქართველოშიც მეტ-ნაკლებად განვითარებულია, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, იქ, სადაც კლიმატური და სამკურნალო პირობებიც შესაბამისია. მაგალითად, ბაკურიანში, ბორჯომში, წყალტუბოში. თუმცა ცალკე ფიტნეს კურორტები ნამდვილად არ გვაქვს.

ამ სიტუაციაში მოთხოვნის ზრდა განაპირობა სწორედ მრავალფეროვნებამ, აქ იგულისხმება როგორც იოგა, ისევე ფიტნეს და სპა მიმართულებაც. ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ამას ფეხი აქვს ადგმული, უფრო მეტად განვითარების ეტაპზეა, თუმცა არაერთი პრეცენდენტია, როცა როგორც ქართველი, ასევე ჩამოსული დამსვენებლები იღებენ ამ სერვისს. დღეს, საქართველში თითქმის ყველა დიდ სასტუმროს აქვს ეს კომპონენტი. ამ კუთხით, კერძო სექტორი ბევრად მეტად არის მზად, ვიდრე სახელმწიფო და მის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებში“, - აცხადებს სიდამონიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ინფორმაციისთვის, როგორც CNN წერს, მსოფლიოში ბოლო დროს ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ დაისვენონ, შვებულების აქტიურად გატარებისა და ფორმის შენარჩუნების მიზნით უპირატესობას ფიტნეს-კურორტებს ანიჭებენ. გამოცემის მიხედვით, მსგავს კურორტებზე მათ საშუალება აქვთ ივარჯიშონ, იცურაონ, დაკავდნენ იოგითა და მასაჟით.

თამარ მუკბანიანი