„დღეიდან დიღმის საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად მზად არის“ - ტიკარაძე

საველე ჰოსპიტალი პაციენტების მისაღებად დღეიდან მზად არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დიღმის ოლიმპიურ ქალაქში, სპორტულ დარბაზში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საველე ჰოსპიტალში ყველა ის პირობაა უზრუნველყოფილი, რომელიც კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობას სჭირდება, თუმცა საველე ჰოსპიტალში პაციენტების გადაყვანა უკიდურეს შემთხვევაში მოხდება.

„მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში და არ გადმოვინაცვლოთ საველე პირობებში და ყველა პაციენტმა მიიღოს ოპტიმალური მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში. ზუსტად ვიაზრებთ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის, ვინაიდან საქართველოში მსგავსი ფორმატის ჰოსპიტალი არასდროს გაშლილა, იმ საომარ პირობებშიც კი, რომელიც საქართველოს არაერთხელ ჰქონია“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი ინფორმაციით, საველე ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი 5-ტონიანი ჟანგბადის ავზი, გადამოწმებული ინფორმაციით კი, ამ ავზების მონტაჟი არანაირ რისკს არ შეიცავს და ეს ავზები 500-მდე საწოლს ჟანგბადით მოამარაგებს. საველე ჰოსპიტლებში ექიმები მომსახურებას როგორც საშუალო, ასევე მძიმე პაციენტებს გაუწევენ, ვინაიდან მოწყობილია ინტენსიური და რეანიმაციის ტიპის საწოლები. მინისტრის თქმით, ექიმები გადამზადებულები არიან და მზად არიან პაციენტებს სათანადო, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მომსახურება გაუწიონ.