Forbes Media საფონდო ბირჟაზე გასვლას გეგმავს

Forbes Media საფონდო ბირჟაზე გასვლას „ცარიელი ქაღალდების“ ჰონგკონგურ ფირმა Magnum Opus Acquisition-თან შერწყმით განიხილავს. Magnum Opus ე.წ. სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიაა (special purpose acquisition company-SPAC), რომელმაც, IPO-ს პროცედურის გვერდის ავლით, Forbes Media-სთვის პირდაპირი ინვესტიციები უნდა მიიზიდოს. Bloomberg-ის ინფორმაციით, გარიგების დროს მედია-კომპანია შესაძლოა, 650 მლნ დოლარზე მეტად შეფასდეს.

მანამდე Forbes მოლაპარაკებებს კონსორციუმ GSV Asset Management-თან მართავდა. GSV-ისთან გარიგება მაისში უნდა დასრულებულიყო, რაც კომპანიას საშუალებას აძლევდა, კერძო ბიზნესად დარჩენილიყო, თუმცა უფრო დაბალი შეფასებით, საშუალოდ, 600 მლნ დოლარით.

გამომცემელს ჰონგ კონგთან დიდი ხნის ურთიერთობა აქვს. 2014 წელს ადგილობრივმა Integrated Whale Media Investments-მა კომპანიის მაჟორიტარული წილი შეისყიდა, ხოლო Forbes-ის ოჯახმა მინორიტარული წილი შეინარჩუნა. იმ დროისთვის Forbes-ის საბაზრო ღირებულება 475 მლნ დოლარად იყო შეფასებული.

Forbes Media-ს მონაცემებით, მის პროექტებს მთელს მსოფლიოში 140-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და კომპანიის ლიცენზიით 71 ქვეყანაში 32 გამოცემა მუშაობს.

მარტში კომპანია Magnum Opus-მა IPO-ზე 200 მლნ დოლარი მიიზიდა. ეს SPAC-კომპანია, რომლის უკანაც საინვესტიციო ფირმა L2 Capital დგას, დაინტერესებულია სამომხმარებლო, ტექნოლოგიური და მედია სექტორების პერსპექტიული აქტივებით.

SPAC-ები წარმოადგენენ კომპანიებს აქტივების გარეშე, რომლებიც პროექტების შესაძენად და საფონდო ბირჟაზე გასატანად იქმნებიან. SPAC–ის შემთხვევაში, IPO-ს პროცედურა, ტრადიციულთან შედარებით, უფრო მარტივი და იაფია. Forbes-ამდე მსგავს მოდელს Playboy-ს მფლობელმაც მიმართა.

კოკა კვირკველია