ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკებას განათავსებს

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მესამედ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ქანდაკებას 29 000 ლარად კომპანია „ოლ-პი ჯგუფი“ დადგამს.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტენდერი კუს ქანდაქების განთავსების მიზნით, 7 მაისს გამოცხადდა. თუმცა, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი თქვა, რის გამოც მისი დისკვალიფიკაცია მოხდა. მეორე ტენდერი კი 15 ივნისს გამოცხადდა, თუმცა, შესყიდვა არც მაშინ არ შედგა. ცნობისთვის, ორივე შემთხვევაში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 23 992 ლარი იყო. მესამე ტენდერში კი განაცხადების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და 17 აგვისტოს დასრულდა.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.

რაც შეეხება „ოლ-პი ჯგუფს“, რეესტრის მიხედვით კომპანია 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორია ნიკოლოზ მაჩალაძე. „ოლ-პი ჯგუფის“ 100%-იანი წილის მფლობელი „ელემენტ კონსტრაქშენია“. ეს უკანასკნელი დირექტორთა საბჭოს მიერ იმართება. კომპანიის გენერალური დირექტორია ლევან ბერაძე, დირექტორთა საბჭოში კი მასთან ერთად წარმოდგენილები არიან პაატა ჩიტორელიძე და გიორგი ბერაძე.