ინდონეზიაში საწვავზე მომუშავე მოტოციკლებს ელექტრომობილებად გადააკეთებენ

დღეიდან ინდონეზიაში შიდა წვის ძრავზე მომუშავე მოტოციკლების ელექტრომობილებად გადაკეთების საპილოტე პროექტი ჩაუშვეს. საწყის ეტაპზე 10 მოტოციკლი გადააკეთეს, რაც წარმატებით დასრულდა, ხოლო ნოემბრისთვის კიდევ 90-ს გადააკეთებენ. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რასაც Reuters ავრცელებს.

პროექტი ინდონეზიის ეროვნული სტრატეგის ნაწილია, რომ ტრანსპორტი ეკოლოგიურად რაც შეიძლება სუფთა დარგი გახდეს. მთავრობის მიზანია, 2030 წლისთვის ქუჩებში 13 მილიონი ელექტრომოტოციკლი, მათ შორის გადაკეთებულიც და 2,2 მილიონი ელექტროავტომობილი ჰყავდეს. ამასთან, მთავრობა პირობას დებს, რომ 2050 წლისთვის შიდაწვისძრავიანი ავტომობილების გაყიდვას აკრძალავს.

ინდონეზიის საავტომობილო ინდუსტრიის ასოციაციის მონაცემებით, 2019 წელს ქვეყნის გზებზე 15 მილიონზე მატი ავტომანქანა და 112 მილიონი მოტოციკლი მოძრაობდა.

„მასშტაბური ეკონომიკის შესაქმნელად ჯერ ბაზარი უნდა შევქმნათ,“ - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრ არიფინ ტასრიფმა საპილოტე პროექტის ჩაშვების დროს და მცირე და საშუალო ბიზნესს კონვერსიული ტექნოლოგიების განვითარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მთავრობა, ასევე, საწვავზე მომუშავე ავტობუსების ელექტრომობილებად გადაკეთებაზე მუშაობს.

Reuters-ის შეფასებით, ინდონეზია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, მსოფლიოში სითბური გაზების გამონაბოლქვის ერთ-ერთი მსხვილი გამავრცელებელია. მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, ქვეყანა აკუმულატორული ბატარეებისა და ელექტროავტომობილების წარმოებაში გლობალურ კერად გადაიქცეს. ამ მიზნით ინდონეზია ნიკელის ლატერიტის საბადოების მდიდარი მარაგით ისარგებლებს, რაც ლითიუმის ბატარეებში გამოიყენება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ