ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის რეზერვები გაყინა

ბაიდენის ადმინისტრაციამ ავღანეთის მთავრობის მილიარდობით დოლარის რეზერვები გაყინა, რომელიც აშშ-ს საბანკო ანგარიშებზე ინახებოდა. ინფორმაციას The Washington Post წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამით თეთრმა სახლმა თალიბანს ფულად სახსრებზე წვდომა შეუზღუდა. გაზეთის წყაროს თანახმად, ავღანეთის მთავრობის ფინანსური რეზერვების დაბლოკვის გადაწყვეტილება ფინანსთა დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენისა და დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ოფიციალური პირების შეხვედრაზე მიიღეს. დისკუსიაში სახელმწიფო დეპარტამენტიც მონაწილეობდა, თეთრი სახლის ოფიციალური პირები კი მიმდინარე მოვლენას თვალყურს ადევნებდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, The Washington Post-ს განუცხადა, რომ „ცენტრალური ბანკის ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ავღანეთის მთავრობა შეერთებულ შტატებში ფლობს, თალიბანისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.“

თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქი, ქაბული ბრძოლის გარეშე კვირას დაიკავეს, როცა პრეზიდენტ აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქვეყანაში ძალაუფლების ცვლილების ფონზე, ეროვნული ვალუტის კურსი სამშაბათს რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. 17 აგვისტოს მდგომარეობით, ვალუტის კურსი ზედიზედ ოთხი დღის განმავლობაში ეცემოდა. ქვეყანა ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, აჯმალ აჰმადიმაც დატოვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ