ელექტრომობილების დამტენი სადგურების გლობალური ბაზარი 2027 წლისთვის 93 მილიარდ დოლარს მიაღწევს

ელექტრომობილებისთვის დამტენი სადგურების მსოფლიო ბაზარი 2027 წლისთვის 93 მილიარდ დოლარს მიაღწევს, მაშინ როცა 2019 წელს 23 მილიარდი იყო, ამის შესახებ კვლევა Astute Analytica-მ გამოაქვეყნა.

შედეგად, ამ სექტორის შემოსავლები გაიზრდება დაახლოებით 20-20 პროცენტით ყოველწლიურად 2021-2027 წლების განავლობაში.

ამავე კვლევის თანახმად, დამტენი სადგურების რაოდენობა გლობალურად 2027 წლამდე გაიზრდება საშუალოდ 17,5%-ით და მიაღწევს 2,8 მილიონს, მაშინ როცა 2019 წლისთვის 819 ათასი იყო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ დამტენი სადგურების სექტორის ზრდას ელექტრომობილებზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს, რომელიც 2027 წლამდე წლიურად 18,6%-ით გაიზრდება.

Insideevs-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში მსოფლიოს მასშტაბით 583 ათასი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც ისტორიული რეკორდია ამ სეგმენტისთვის. მონაცემი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 153%-ით. ამავე პორტალის ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომობილების გაყიდვების წილი საერთო ავტომობილების გაყიდვებში 8,7%-ია. მიმდინარე წელს ნავარაუდევია სულ 6 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვა.

კოკა კვირკველია