Western Union-მა ავღანეთში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა

Western Union-მა ავღანეთში ფულადი გადარიცხვები შეაჩერა. ამის შესახებ MarketWatch ავრცელებს ინფორმაციას.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი სერვისი ხელს უწყობს ჩვენი კლიენტების ახლობლების მხარდაჭერას. ჩვენ ვაპირებთ ყურადღებით დავაკვირდეთ ავღანეთში მიმდინარე პროცესებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ყველაზე მეტად დააზარალებს ქაბულისა და მსხვილი ქალაქების მცხოვრებლებს, ვინაიდან სოფლის მოსახლეობაში გავრცელებულია ცენტრალურ და შუა აზიაში მოქმედი ფულადი გადარიცხვის სისტემა „ჰავალა“. ეს სისტემა არის ერთგვარი არაფორმალური ფულადი ტრანსფერი ბროკერების დახმარებით ან და პირადი შეხვედრისას ფულის გადაცემით.

მსოფლიო ბანკის ცნობით, გასულ წელს ავღანეთში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობამ ქვეყნის მშპ-ს 4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 788,9 მილიონი დოლარია. გასულ წელს ავღანეთის მშპ 19,8 მილიარდ დოლარს უდრიდა.

კოკა კვირკველია