მთავრობამ წელს 5 სახელმწიფო საწარმო გაყიდა

წამგებიანი და უფუნქციო სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების ტემპი აქტიურ ფაზაშია - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ჯამში პრივატიზებულია 5 სახელმწიფო საწარმო: შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი , სს „მცხეთის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 372 ცალი აქცია, „თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის“ 100%-იანი წილი, შპს ,,ჭიათურის ავტოსადგურის’’ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 49%-იანი წილი და სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 27 246 ცალი ჩვეულებრივი აქცია, შედეგად კერძო სექტორში გადატანილი სახელმწიფო აქტივების ჯამურმა ღირებულებამ 2 506350 ლარი შეადგინა.

„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მომავალშიც აქტიურად შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმოებს, რათა მოხდეს მათი რესურსის ეკონომიკურ აქტივობაში მაქსიმალური ჩართვა.

პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.