მსოფლიოში ხორბალი ძვირდება - როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე

ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზმა, რომელიც ხორბლის მოსავლის შემცირებას უკავშირდება, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის გაძვირება გამოიწვია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსული ხორბლის ფასი 20 დოლარით გაიზარდა და 286-287 დოლარს მიაღწია. (ცნობისათვის, საქართველო ხორბალს ძირითადად რუსეთში ყიდულობს).

როდის აისახება ტენდენცია ქართულ ბაზარზე და გახდება თუ არა საჭირო სუბსიდირების კიდევ ერთი ეტაპი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ლევან სილაგავას თქმით, არსებული მოლოდინით, რუსული ხორბლის ფასი კვლავ გაიზრდება, ბაზარზე კი ეს მომავალი კვირის შემდეგ აისახება.

,,12 აგვისტოს, გამოქვეყნდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ანგარიში მსოფლიოში ხორბლის ბალანსის შესახებ. სერიოზულად არის შემცირებული რუსეთის, კანადის და ამერიკისათვის საპროგნოზო მაჩვენებელი და ამის შემდეგ, ეს ასახვა მოხდა საფონდო ბირჟებზე. ევროპაში ე.წ. ფსიქოლოგიური 300-დოლარიანი ნიშნული უკვე გადალახულია, რაც სერიოზული თემაა და წლევანდელი ვაჭრობა სავარაუდოდ, დაძაბული იქნება. ჯერ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მოსავლის აღება არ დასრულებულა და შესაბამისად, ასახვა სრულად არ მომხდარა. ეს ყველაფერი რუსულ ბაზარზე ალბათ, მომავალი კვირიდან აისახება, რადგან რაც დაკონტრაქტებული იყო, ძველი ფასით მოდის და ამის შემდეგ დაიწყება ზრდა. მოლოდინიც ასეთია, რომ რუსულ ხორბალზე ფასი მოიმატებს.

ერთადერთი დადებითი ტენდენცია ჩვენთან არის ლარის კურსის სტაბილურობა. მოგეხსენებათ, ხორბლის ფასთან ერთად, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ სექტორში მუშაობს ორი ინდუსტრია ფქვილის და პურის მწარმოებლები. ასეთია საწარმოო ჯაჭვი. ბოლო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდა პური, ჩაეტევიან თუ არა ამ ფასნამატში, ამ კითხვის ადრესატი ჩვენ არ ვართ.

რაც შეეხება სუბსიდირებას, ჩვენი ასოციაცია ამას არასოდეს ემხრობოდა. უბრალოდ, ეს იყო ორი სუბიექტის (სახელმწიფოს და მოსახლეობის) სურვილი და გადაწყვეტილება, რაც ჩვენი მეშვეობით განხორციელდა. სუბსიდირების ფორმის არჩევის დროს, პირდაპირ ვამბობ, ჩვენი ასოციაცია წინააღმდეგი იყო ფქვილის სუბსიდირების. სუბსიდირება უნდა მომხდარიყო პურში, მაგრამ ეს ვერ დამენეჯმენტდა, რადგან ბევრად მეტი პურის მწარმოებელი სუბიექტია, ვიდრე წისქვილკომბინატი. ამის შემდეგ, ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა მივიღეთ, არადა, ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ბაზრის მომხრე ვიყავით. ახლა, თუ სუბსიდირება მოხდა, ჩვენი შეთავაზება იქნება, პურში გაკეთდეს სუბსიდირება“,- აცხადებს სილაგავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი