აშშ სავალუტო ფონდიდან თალიბებისთვის გასაგზავნი თანხის დაბლოკვას ითხოვს

აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, დაბლოკოს რადიკალური მოძრაობა თალიბანისთვის 460 მლნ დოლარის ოდენობის რეზერვებზე წვდომა, რომელიც ავღანეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან უნდა მიიღოს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით გაზეთი The New York Times წერს.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკვირდება მის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების რეაქციებს, რათა განსაზღვროს მათი დამოკიდებულება თალიბების მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება, ღირს თუ არა დაეხმაროს ავღანეთს ფინანსურად.

როგორც წყარო უყვება გამოცემას, თუ თალიბების ხელისუფლება ლეგიტიმურად არ იქნება აღიარებული, ის ვერ მიიღებს ამ ფინანსური დახმარების პაკეტს ფონდისგან.

როგორც ცნობილია, აგვისტოში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება 650 მილიარდი დოლარის დამატებითი სარეზერვო აქტივების გამოყოფის შესახებ პანდემიით დაზარალებული მსოფლიო ეკონომიკის აღსადგენად. ფონდი აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა 23 აგვისტოს. სახსრები გადანაწილდება ფონდის წევრ ქვეყნებზე პროპორციული კვოტების მიხედვით.

კოკა კვირკველია