ექსპორტი 27,8%-ით, იმპორტი კი 19,3%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7,481 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

აქედან ექსპორტი 2,275 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (27.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 5,206 მლრდ აშშ დოლარს (19.3 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-ივლისში 2,930 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტია.

ამასთან, 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (370.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (322.7 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (295.3 მლნ აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (917.4 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (545.3 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (459.4 მლნ აშშ დოლარი).

საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1,107 მლრდ აშშ დოლარი), რუსეთი (868.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (829.9 მლნ აშშ დოლარი).