თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული რეგულაციების გამო, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაწესებული რეგულაციების გამო, მიმდინარე და მომდევნო კვირაში ეპიდვითარება შედარებით დასტაბილურდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისსა და აჭარაში ინფიცირების მკვეთრი ზრდა აღარ შეინიშნება.

„შეზღუდვების დაწესების შემდეგ, სულ მცირე 2 კვირა სჭირდება იმას, რომ ჩვენ შეზღუდვების ეფექტი დავინახოთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე და მომდევნო კვირაც იქნება ის პერიოდი, რაც ჩვენ სტაბილიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. დღევანდელ სიტუაციაში ინფიცირების მატება უფრო მეტად აღინიშნება იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის გავრცელება შედარებით გვიან დაიწყო, მაგალითად, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. აჭარასა და თბილისში ინფიცირების ნახტომისებური მატება საბედნიეროდ აღარ გვაქვს. ვფიქრობთ, ეს უკავშირდება სწორედ იმ რეგულაციებს, რაც ბოლო პერიოდში დაწესდა“,-განაცხადა გაბუნიამ.