Mastercard დიდ ბრიტანაეთში შესაძლოა, 10 მლრდ ფუნტით დააჯარიმონ

ლონდონის კონკურენციის სააპელაციო ტრიბუნალმა (Competition Appeal Tribunal-CAT) გადახდების გლობალური სისტემის, Mastercard-ის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი დაამტკიცა, რომლითაც კომპანიას შესაძლოა, 10 მლრდ ფუნტის (14 მლრდ დოლარის) გადახდა დაეკისროს.

Reuters-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში მასიურ მომხმარებელზე გათვლილი პირველი კოლექტიური სარჩელი ყოფილმა ფინანსურმა ომბუდსმენმა, ვოლტერ მერიქსმა შეადგინა. ის ამტკიცებდა, რომ Mastercard ე.წ. გადაცვლის საფასურს ანუ საკომისიოს მომხმარებლებს ზედმეტი ოდენობით აკისრებდა. ამ საკომისიოების თანხას საცალო მოვაჭრეები საკრედიტო ბარათების კომპანიებს უხდიან, როცა მომხმარებლები ბარათს საყიდლებისთვის იყენებენ. საქმე 1992 წლის მაისიდან 2008 წლის ივნისამდე პერიოდს ეხება. განჩინება 46 მილიონ უფროსი თაობის თითოეულ ბრიტანელს საშუალებას მისცემს, 300 ფუნტი სტერლინგი მიიღოს.

„ტრიბუნალის განაჩენი მასიურ მომხმარებელზე ორიენტირებული კოლექტიური სარჩელების ეპოქის დასაწყისზე მიანიშნებს, რომლებსაც შეუძლია, მსხვილ ბიზნესს პასუხისმგებლობა დააკისროს,“ - აცხადებს ვოლტერ მერიქსი. მისი თქმით, Mastercard ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სარჩელის მსვლელობისთვის ხელი შეეშალა, თუმცა მისი ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

Mastercard-ში აცხადებენ, რომ პრეტენზიები თავიდანვე „ყალბი“ იყო და იმ იურისტებისა და მათ უკან მდგომი ორგანიზაციების მიერ მიეცა მსვლელობა, რომლებიც „პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ფულის გამომუშავებაზე არიან ორიენტირებული.“

სასამართლო დავა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ