ლევან დავითაშვილი - ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით „ქართული ჩაი“

ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც, ფაქტიურად, განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით, რომელიც გულისხმობდა ჩაის რეაბილიტაციას. პროექტს ერქვა „ქართული ჩაი“ და ეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, მისი მხარდაჭერით მოხდა, როდესაც დავიწყეთ, ზოგადად, ქვეყანაში ქართული ჩაის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატის დავით შარაშიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ის ტრადიციული მიმართულებები, რომლითაც გურია იყო გამორჩეული, უნდა განვითარდეს.

„როდესაც ჩოხატაურზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ულამაზეს ბუნებაზე, ულამაზეს ლანდშაფტებზე და ეს ბუნებრივი პოტენციალი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად, იმისთვის, რომ კეთილდღეობა შემოვიტანოთ და ეკონომიკას ხელი შევუწყოთ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი. თქვენ ნიჭიერი ადამიანები ხართ და ალბათ ჩვენი პროგრამები მეტად უნდა იყოს მორგებული თქვენს საჭიროებებზე. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარებას, ჩვენ ვიმყოფებით ადგილას, საიდანაც გურიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურის განვითარება დაიწყო. ყველას გვახსოვს ალბათ, რომ პირველი მცდელობები საქართველოში ჩაის კულტურის შემოტანის უკავშირდებოდა მიხა ერისთავს და ზუსტად ეს იყო ადგილი, სადაც ჩაის კულტურად პირველად გამოჩნდა და შემდგომში მან გურიის კეთილდღეობისთვის, ზოგადად, გურიის რეგიონის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულა.

ჩოხატაურზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, რომ ის ტრადიციული მიმართულებები, რომლითაც გურია იყო გამორჩეული, უნდა განვითარდეს. ჩვენ ვიყავით ხელისუფლება, რომელმაც ფაქტიურად განადგურებული ჩაის სექტორის აღდგენა დავიწყეთ პროექტით, რომელიც გულისხმობდა ჩაის რეაბილიტაციას. პროექტს ერქვა „ქართული ჩაი“ და ეს ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, მისი მხარდაჭერით მოხდა, როდესაც დავიწყეთ, ზოგადად, ქვეყანაში ქართული ჩაის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. დღეს, ფაქტიურად, ყველას შეუძლია მიმართოს სახელმწიფოს და ჯერ კიდევ, სამწუხაროდ, გავერანებული, გატყეურებული ჩაის პლანტაციები სიმბოლურ ფასად, იჯარით მიიღოს და ფაქტიურად მთელი სარეაბილიტაციო თანხა. ფაქტიურად, 100%-იანი საგრანტო დაფინანსება ჩვენი მხრიდან არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოვახდინოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.