ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და USAID-ის საქართველოში ზრდის მართვის პროექტის მხარდაჭერით, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში ჩატარდა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ მიმართეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებსა და დაგეგმილ რეფორმებზე. მისი განცხადებით, რეფორმები სურსათის უვნებლობის კუთხით გულისხმობს აღნიშნული სფეროს სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოების განვითარებას ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, ასევე ევროპული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების დანერგვას საიმისოდ, რომ ჩვენი პროდუქცია გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, მომხმარებელმა საქართველოში მიიღოს უფრო უვნებელი პროდუქტი და საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ ტექნიკური ბარიერების გარეშე შეაღწიოს ევროკავშირის ბაზარზე. ოფიციალური პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა.