ჩინეთის მთავრობამ სთრიმინგ-მარკეტინგის წამყვანებს ენობრივი და ჩაცმულობის შეზღუდვები დაუწესა

ჩინეთში ლაივსთრიმინგის წამყვანებმა, ინტერნეტით გასაყიდი საქონლის წარდგენა-შეთავაზების დროს, მხოლოდ ჩინურ ტრადიციულ მანდარინულ ენაზე უნდა ისაუბრონ და პირდაპირი ეთერისთვის შესაფერისად უნდა ჩაიცვან. ამ რეგულაციის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც Reuters ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, ჩინეთის მთავრობა ლაივსთრიმინგ-მარკეტინგზე ზედამხედველობას ამკაცრებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში ლაივსთრიმინგ-მარკეტინგის პოპულარობა ბოლო ორ წელიწადში მკვეთრად გაიზარდა ისეთი ცნობილი ბრენდების მხრიდან, როგორიცაა L’Oreal, Nike, Dyson. ამასთან, ლაივსთრიმინგს ონლაინ მყიდველების დიდი ნახვები აქვს. ჩინური ელექტრონული კომერციის პლატფორმების უმრავლესობა უკვე პროდუქციის პირდაპირ ეთერში ყიდვა-გაყიდვის საშუალებას იძლევა.

ლაივსტრიმინგ-მარკეტინგი მთავრობის მხრიდან დაკვირვების ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ზოგიერთმა მყიდველმა და ბრენდმა ცალკეული სთრიმერი გასაყიდ საქონელზე ინფორმაციის დამახინჯებასა და გაყიდვებზე მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა. ამან ქვეყნის კიბერსივრცის მარეგულირებელს უბიძგა, ნოემბერში წესების პროექტი შეემუშავებინა.

ამჯერად ვაჭრობის სამინისტრომ უფრო კონკრეტული ინსტრუქციები გამოაქვეყნა და ლაივსთრიმინგ-მარკეტინგის ერთადერთ ენად მანდარინული პირველად დაასახელა. მართალია, ეს ჩინეთში ისედაც ოფიციალური ენაა, მაგრამ ქვეყანაში მრავალი დიალექტური და ეთნიკური უმცირესობის ენაც არსებობს.

ახალი წესების საჯარო განხილვა 2 სექტემბრამდე გაგრძელდება და ის, ასევე, სთრიმერების ჩაცმულობასაც შეეხება. ინსტრუქციაში, რომელიც სთრიმერის ქცევის წესებს ეხება, ნათქვამია, რომ წამყვანის ჩაცმულობამ აუდიტორია არ უნდა შეურაცხყოს. სთრიმერის ჩაცმულობა გასაყიდი პროდუქციის ან მომსახურების ხასიათს უნდა ასახავდეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ