ბლოკჩეინების პლატფორმა მძარცველ ჰაკერს სამუშაოს სთავაზობს

ბლოკჩეინ-პლატფორმა PolyNetwork-მა ჰაკერს, რომელმაც მისგან 600 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა მიიტაცა, უსაფრთხოების მთავარი მრჩეველის სამუშაო პოზიცია შესთავაზა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

როგორც შემდეგ გაირკვა, ჰაკერმა 600 მლნ დოლარის ტოკენები გართობის მიზნით მიიტაცა, რასაც PolyNetwork-მა „დეცენტრალიზებული ფინანსების ქურდობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი მიტაცება“ უწოდა. თუმცა მოგვიანებით ჰაკერმა კომპანიას ტოკენები ნებაყოფლობით დაუბრუნა, რის გამოც PolyNetwork მას, ჯილდოს სახით, 500 000 დოლარს სთავაზობდა, რაზეც ჰაკერმა უარი განაცხადა.

PolyNetwork-მა ჰაკერს „ბატონი, თეთრი ქუდი“ შეარქვა. ასე ეძახიან ჰაკერებს, რომლებიც სისტემაში დაუცველი ადგილების აღმოჩენის შემდეგ, კომპანიებს მათი გამოსწორების მიზნით აფრთხილებენ.

„იმისთვის, რომ გამოვხატოთ მადლიერება და წავახალისოთ ბატონი, „თეთრი ქუდი,“ ჩვენ გულწრფელად ვეპატიჟებით მას, გახდეს უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, რომ ბლოკჩეინების მსოფლიოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, PolyNetwork-თან ერთად, წვლილი შეიტანოს,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გასულ კვირას ჰაკერის მიერ გატაცებული ციფრული ტოკენებიდან, 267 მლნ დოლარის ეთერიუმი, 252 მლნ დოლარის Binance-ის მონეტები და 85 მლნ დოლარის USDC-ის ტოკენი იყო. ჰაკერმა ციფრული ვალუტის ნაწილი დააბრუნა, ხოლო დანარჩენი, დაახლოებით 235 მლნ დოლარი ერთობლივ ანგარიშზე ჩარიცხა, რომელიც კრიპტოვალუტის განბლოკვისთვის აუცილებელი ორი გასაღებით არის დაცული. ერთი გასაღები მან PolyNetwork-ს გადასცა, თუმცა მეორე თავისთვის დაიტოვა.

ჰაკერი აცხადებს, რომ კიბერშეტევა „გართობის მიზნით“ განახორციელა და მოპარული თანხის დაბრუნებას თავიდანვე გეგმავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ