ტურისტები იტალიის პლაჟებიდან ქვიშას იპარავენ

იტალიის კუნძულ სარდინიის პლაჟებიდან წელს ტურისტებმა ექვსი ტონა ქვიშა გაიტანეს. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

მთელი სეზონის განმავლობაში ტურისტები კუნძულიდან ქვიშის, ნიჟარებისა და ქვების გატანას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე 500-დან 3000 ევრომდე ჯარიმა არის დაწესებული.

ეკოლოგი აქტივისტები აცხადებენ, რომ ტურისტები ამას ყოველგვარი მოტივაციის გარეშე სჩადიან, რათა, უბრალოდ, მეგობრებსა და ნათესავებში შური გამოიწვიონ ან თავიანთ ოთახებში შვებულების ემოციები გაიცოცხლონ, ან თუნდაც აკვარიუმები მორთონ.

აქტივისტებმა, ასევე, დაადგინეს, რომ კოლექციონერები სოციალურ ქსელებში სარდინიის ქვიშით სავსე პატარა ტომრებით ვაჭრობენ. განსაკუთრებით ფასობს ძნელად ხელმისაწვდომი ვარდისფერი ქვიშა ბუდელის კუნძულიდან. ბუდელის ვარდისფერი პლაჟი ვიზიტორებისთვის 1994 წლიდან დახურულია, როცა ის ეროვნული პარკის ნაწილი გახდა.

ტურისტების უკანონო ქმედებების გამო, რეგიონული მთავრობა გარკვეულ ზომებს მიმართავს. მთავრობამ, კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა შემდეგი მოწოდებით: „სარდინია - წაიღე გულით, ოღონდ მხოლოდ გულით!" ამასთან, ტურისტებს ადგილობრივ აეროპორტებშიც აფრთხილებენ, რომ კუნძულიდან ქვიშის გატანა აკრძალულია.

ახლახან კუნძულ სარდინიის პლაჟიდან, სუვენირის სახით, ქვიშის გატანის გამო ბრიტანელი ტურისტი 1032 ევროთი დააჯარიმეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ