ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და  ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, გურიაში თხილის საწარმოს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური საწარმოო პროცესს გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა. დამფუძნებლების ინფორმაციით, კომპანიას დღეში 10 ტონა თხილის მიღება და გადამუშავება შეუძლია.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა შოთა ხინთიბიძემ აღნიშნა, ახალი მიმართულების დანერგვის მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში საწარმოს 500 000 ლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცდა, რამაც გაფართოებისა და განვითარების შესაძლებლობა მისცა. კომპანია თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან და პროდუქცია ევროპაში გააქვს. კომპანიის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია - იტალია და გერმანია.

„პრემიერ-მინისტრი ასევე საწარმოში შეკრებილ ფერმერებს გაესაუბრა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლეს და სხვადასხვა დარგში სამაცივრე თუ გადამამუშავებელი საწარმოები შექმნეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სოფლის მეურნეობის დარგისა და ახალი საწარმოების მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

ფერმერებმა მთავრობის მეთაურს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ სახელმწიფო თანადაფინანსების გარეშე წარმოების განვითარებას ვერ შეძლებდნენ”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.