რობერტ კოხის ინსტიტუტი - გერმანიაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო, ახალი შემთხვევების 99% „დელტა“ ვარიანტზე მოდის

აშკარაა, რომ გერმანიაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო,- „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის დაავადების კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს, რობერტ კოხის ინსტიტუტის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, „პისიარ“ ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 6%-ია, რაც წინა კვირასთან შედარებით 2%-ით მეტია. ავადობის კოეფიციენტი კი 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 44-ს შეადგენს.

ამასთან, ქვეყანაში გამოვლენილი დაინფიცირების შემთხვევების 99% „დელტა“ ვარიანტზე მოდის. გაიზარდა დაინფიცირების მაჩვენებელი ახალგაზრდებში.

რობერტ კოხის ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოებში მიმართვიანობის დონე დაბალია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მოსახლეობის 63.7%-ს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი მოსახლეობის 58.2%-ია.