ნოდარ ხადური: ბიუჯეტი აუცილებლად შესრულდება

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტი აუცილებლად შესრულდება.

როგორც ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ძალიან ბევრ თანხას ხარჯავენ, რომელიც ფულის ბაზარზე გარკვეულ ზემოქმედებას მოახდენს. მინისტრის განცხადებით, წელს დეკემბერში დაიხარჯება უფრო ნაკლები თანხა, ვიდრე 2011 წლის დეკემბერში დაიხარჯა.

"2011 წლის დეკემბერში 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც მთელი წლის ბიუჯეტის 17%-ს შეადგენს. წელს ჩვენ დავხარჯავთ 1 მილიარდ 228 მილიონს, ეს არის მთლიანი წლის ბიუჯეტის 13,7%, რაც შეეხება ბიუჯეტს, საგადასახადო შემოსავლების ნაერთ ბიუჯეტს, ანუ ყველა დონის ბიუჯეტს, გეგმა შეადგენს 7 მილიარდ 230 მილიონ ლარს. დღეის მდგომარეობით, მობილიზებულია 7 მილიარდ 140 მილიონი. ეს არის 98,8%. დარჩენილია 89 მილიონი ლარი, დღეს, ორშაბათს და სამშაბათს ყველანაირი გათვლებით, ეს თანხა და უფრო მეტიც ბიუჯეტში შემოვა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც ნაერთი ბიუჯეტის ნაწილია, გეგმის შესასრულებლად იყო 6 მილიარდ 820 მილიონი ლარი და ახლა შეადგენს 6 მილიარდ 754 მილიონ ლარს, ანუ დარჩენილია 65 მილიონი ლარი. არც ამ შემთხვევაში არ არის არანაირი პრობლემა", - განაცხადა ხადურმა.