China Telecom-მა შანხაის საფონდო ბირჟაზე 2021 წლის უმსხვილესი ლისტინგი განახორციელა

ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორმა კომპანიამ China Telecom პარასკევს შანხაის საფონდო ბირჟაზე ლისტინგი განახორციელა, რომელიც გახდა მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური მთელს მსოფლიოში. ჯამში ბირჟაზე განთავსდა 11,9 მილიარდი აქცია.

აღნიშნულმა მაჩვენებელმა გადააჭარბა დაგეგმილს. თავიდან იგეგმებოდა 10,4 მილიარდი „ა“ ტიპის აქციის გატანა. აქციებზე ონლაინ და ოფლაინ შეკვეთები კი 9 აგვისტოს დაიწყო.

ლისტინგის დღეს ვაჭრობის დასაწყისში აქციის ფასი 4,79 იუანი (75 ცენტი) იყო, რაც პროგნოზირებულ 4,53 იუანზე (70 ცენტზე) მაღალი აღმოჩნდა, ადგილობრივი დროით 11:23 საათზე კი მისი ფასი უკვე 16,34%-ით გაიზარდა 5,27 იუანამდე. მანამდე არსებული გეგმით China Telecom გეგმავდა ლისტინგის შედეგად 47,1 მლრდ იუანის (7,3 მლრდ დოლარის) მოზიდვას.

ცნობისთვის, 2020 წელს China Telecom-ის შემოსავლებმა 393,6 მილიარდი იუანი (61 მლრდ დოლარი) შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 4,7%-ით მეტია. კომპანიის სუფთა მოგება საანგარიშო პერიოდში 1,6%-ით გაიზარდა 20,85 მლრდ იუანამდე (3,2 მლრდ დოლარი). 2021 წლის იანვარ-ივნისში კი მისმა შემოსავლებმა 219,2 მილიარდი იუანი (33,8 მლრდ დოლარი) შეადგინა (+13,1%), ხოლო სუფთა მოგება 27,2%-ით 17,7 მილიარდ იუანამდე (2,7 მლრდ დოლარი) გაიზარდა.

კოკა კვირკველია