ივლისში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 15.1%-ით გაიზარდა

2021 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 15.1 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახენ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქართველოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების მიხედვით, 2021 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.4%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.09 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.7%), რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 0.59 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების მატება ძირითად ლითონებზე (3.2%). გარდა ამისა, ფასების 6.9%-იანი შემცირება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.76 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები შემცირებულია 0.2%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე -0.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების კლება ლითონის მადნებზე (-8.7%);
  • დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16.7%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 13.44 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (17.4%), მომსახურება ბეჭდვით და ჩანაწერების აღწარმოებით (87.6%) და ძირითადი ლითონები (33.5%);
  • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 9.9%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.94 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები 30.1%-ით გაიზარდა, რამაც მთლიან ინდექსზე 0.83 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.