ნოდარ ხადურმა მთავრობას ლუდის აქციზთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობას ლუდის აქციზთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები მასთან ბოლო შეხვედრიდან "მადლობით წავიდნენ".

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ლუდის აქციზთან დაკავშირებით, რადგან დღეს დაისვა ეს საკითხი. პირადად მე 5-ჯერ შევხვდი ლუდის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს, მათ შორის 23 ოქტომბერს, 17 ნოემბერს, 24 ნოემბერს და 2 დეკემბერს. გარდა ამისა, შეხვედრა ჰქონდათ ჩემს მოადგილეებსა და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს. ოთხივე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი იყო ჩემთან. მათთან კომუნიკაციის მეშვეობით ბოლო შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით და მინდა გითხრათ, რომ მადლობით წავიდნენ ჩემგან, იმიტომ რომ მათ ამოქმედების გეგმა გადავუწიეთ მარტამდე. შესაბამისად, მათ 5 და არა, როგორც ითქვა, 2 თვე მიეცათ სიახლის განსახორციელებლად, რაც ევროკავშირის მოთხოვნებით გონივრულ ვადად ითვლება. ასევე აქციზის გადახდის წესი არ შევცვალეთ - ჩვენ ვაპირებდით ამის შეცვლას, დაგეგმილი გვქონდა, რომ აქციზის გადახდა მომხდარიყო აქციზური მარკის გაცემისას, მაგრამ კომუნიკაციის შედეგად დავტოვეთ არსებული წესი. მესამე - ნაცვლად 100 პროცენტიანი ზრდისა, შევთანხმდით 50 პროცენტიან ზრდაზე. ჩვენ ასევე გვქონდა კომუნიკაცია აქციზური საქონლის მწარმოებელ ან იმპორტიორ კომპანიასთან - ესენი იყვნენ ალკოჰოლური სასმელების, თუ თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქციზის ზრდა მომხდარიყო ეტაპობრივად, მარტიდან", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ის მზად არის, როგორც ჟურნალისტებთან, ისე ლუდის მწარმოებელ კომპანიებთან გააგრძელოს კომუნიკაცია.