„ადრე თუ შემოდიოდა ერთ ვაკანსიასზე 100-150 CV, დღეს შემოდის 30-50 რეზიუმე“ - „ვაკანსიების რაოდენობა ბევრად აღემატება დასაქმების მსურველებს“

,,სამჯერ ნაკლები CV შესდის დღეს კომპანიას, ვიდრე თუნდაც 2020 წელს“- ასე შეაფასა HR.ge-ს რეგიონულმა მენეჯერმა, ინგა შახბაზიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ქართულ შრომის ბაზარზე არსებული რეალობა.

მისი თქმით, კადრების ყველაზე დიდი დეფიციტი ჰორეკა სექტორშია, თუმცა თითქმის ყველა სფეროდან კომპანიებს იგივე პრობლემა 2021 წლის მარტიდან დაუდგათ.

„ზოგადად, პანდემიის შემდეგ, 2021 წლის მარტიდან, როცა ეკონომიკის ამოქმედება დაიწყო, შესაბამისად გაიზარდა ვაკანსიების რიცხვიც. ამ მხრივ განსაკუთრებით გააქტიურდა ჰორეკა სექტორი, რომელიც გასულ წელს სრულად გაჩერებული იყო. დღეს ასეთი რეალობაა, ვაკანსიებს აცხადებენ და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება უჭირთ. ამის მიზეზი ალბათ, ის არის, რომ სექტორიდან 2020 წელს ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიცვალა კვალიფიკაცია და გადავიდა სხვა სექტორში.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, პანდემიის შემდეგ ვაკანსიების ოდენობა მკვეთრად გაზრდილია და კადრების დეფიციტია. ადრე თუ შემოდიოდა ერთ ვაკანსიასზე 100-150 CV, დღეს შემოდის 30-50 რეზიუმე. ეს განპირობებულია იმით, რომ ვაკანსიების რაოდენობაა ჭარბი და დასაქმების მსურველი თავად წყვეტს, სად გააგზავნოს CV. ამას ემატება ზაფხულის პერიოდი, რომელიც გამოცდილებით ყველაზე პასიურია.

დღეს პრობლემა ნამდვილად არის, ვაკანსიების რაოდენობა ბევრად აღემატება დასაქმების მსურველებს და იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შეიცვლება. ახლა, ბევრ კომპანიას, სხვადასხვა სფეროში კადრების დეფიციტი აქვს“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი