McDonald's-ს 2025 წლისთვის მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალა ექნება

კომპანია McDonald's-ის ქაღალდის შესაფუთი ნივთების 80% გადამუშავებული ან ეკოლოგიურად სუფთა ბოჭკოებისგან მზადდება. ამის შესახებ კომპანიის მდგრადი განვითარების ყოველწლიურ ანგარიშში არის ნათქვამი, რომელსაც Reuters ავრცელებს.

McDonald's-ის მიზანია, რომ 2025 წლისთვის თავისი პროდუქციის მთლიანი შეფუთვები განახლებადი, გადამუშავებული ან სერტიფიცირებული წყაროებიდან მზადდებოდეს.

განცხადებაში, ასევე ნათქვამია, რომ კომპანია ზოგიერთ ბაზარზე ქაღალდის საწრუპებსა და ხის დანა-ჩანგალს იყენებს, აგრეთვე, ბოჭკოვანი ხუფებისა და მრავალჯერადი გამოყენების ჭიქების მისაღებად კვლევას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, McDonald's-ის ქაღალდის ჩანთების, საკვები პროდუქციის შესაფუთების, ხელსახოცების, ჭიქების ჩასადებებისა და სხვა ბოჭკოვანი მასალის ნივთების 99,6% გადამუშავებული, ან სერტიფიცირებული, მდგრადი ბოჭკოსგან იყო დამზადებული. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენდა.

აპრილში Adweek-Harris-მა აშშ-ს მოზარდ თაობაში სწრაფი კვების ერთჯერადი შეფუთვების შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა 62% აცხადებს, რომ უფრო მეტად ის ბრენდები იზიდავენ, რომლებიც გადამუშავებად შეფუთვაზე გადავიდნენ, ხოლო 81% სწრაფი კვების რესტორნების მხრიდან დაგროვილი ნაგვისა და გარემოს დაბინძურების გამო შეშფოთებულია.

ჩიკაგოში ბაზირებულ ბურგერების გლობალურ ქსელ McDonald's-ს მსოფლიოში 39,000-ზე მეტი რესტორანი აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ