ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ბუსტერით აიცრებიან

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრებიან. ამის შესახებ პრეზიდენტმა ABC News-ისთვის მიცემულ იტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მესამე აცრის შედეგად ისინი იმუნიტეტს გაიძლიერებენ, მითუმეტეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბუსტერ-აცრებს უფროსი თაობის ამერიკელებს 20 სექტემბრიდან შესთავაზებენ.

„ჩვენ ბუსტერით ავიცრებით. მე და ჩემი მეუღლე Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზით ჯერ კიდევ დეკემბერში ავიცერით, როცა აშშ-ში ვაქცინაცია ახალი დაწყებული იყო. ასე რომ, დრო გავიდა,“ - აცხადებს 78 წლის ბაიდენი.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორ როშელ ვალენსკის თქმით, მონაცემებმა დელტა ვარიანტისგან შემდგომი დაცვის აუცილებლობა აჩვენა, რადგან დროთა განმავლობაში ვაქცინის ეფექტიანობა მცირდება. თუმცა გაურკვეველია, მამავალში რამდენად ხშირად იქნება საჭირო COVID-ის ბუსტერ-აცრები.

„ჩვენ ვიცით, რომ ბუსტერ-აცრები გვჭირდება ახლა და არა მგონია, რომ ეს განუწყვეტლივ დაგვჭირდეს,” - განუცხადა NBC News-ს როშელ ვალენსკიმ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ