ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანს დღეიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი აზერ მამადოვი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს, რის შემდეგაც გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერეს და გაზქურა აანთეს.

უწყების ცნობით, სოფელი დვანი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლის სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 10 მეტრის დაბალი წნევის გაზსადენი, თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც დვანში მცხოვრები 380 დევნილი ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელში: ფცა, ქვემო შაქშაქეთი, ავლევი, კნოლები, ცერონისი, ჭვირნისი, კოდა, გულიკაანთ უბანი, ატოცი და აბანო. მათივე ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.