„ვგეგმავთ წარმოების 5-ჯერ გაზრდას“ - რა პოტენციალი აქვს მიდიების წარმოებას საქართველოში

,,ჩვენ ვაპირებთ, საწარმოო გეგმა ისე დავსახოთ, რომ 100 ტონა მოვიყვანოთ. მაშინ, როცა დღეს წელიწადში 20 ტონა მიდია მოდის“- ამის შესახებ კომპანია Maricultura Georgia-ს დამფუძნებელმა მამუკა მიქაშაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად მოთხოვნა მზარდია და კომპანია გაფართოების გეგმაზე მუშაობს.

,,მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მიმდინარეა და ტურისტების შემოდინებაც ძალიან დიდი არ არის, მოთხოვნა და რეალიზაცია მაინც გაზრდილია. ვემსახურებით 5- ვარსკვლავიან სასტუმროებს და მაღალი კლასის რესტორნებს, ასევე რამდენიმე სუპერმარკეტში შეიძლება მიდიების შეძენა. წელს მიდიების ამოღება არ დასრულებულა და საკმაოდ კარგი მოსავალია.

ახლა მიმდინარეობს სომხეთთან მოლაპარაკება. მათ სურთ, ჩვენი მიდიების შესყიდვა და ახლა გავდივართ საბაჟო საკითხებს, რადგან ისინი ევრაზიულ საბაჟო კავშირში შედიან და განსაკუთრებით მკაცრი რეგულაციები აქვთ. თუმცა ბაზარი საკმაოდ საინტერესოა, რადგან თევზის მიღების საკმაოდ დიდი კულტურა აქვთ, თევზით კი საქართველოდან მარაგდებიან და კარგი იქნება, ამას თუ ზღვის სხვა პროდუქტებსაც დავამატებთ.

ვგეგმავთ, რომ მივმართოთ „აწარმოე საქართველოს“, რომელმაც გამოსცა პროგრამა, სადაც მცურავ საშუალებებსაც აფინანსებს, რაც აქამდე არ ხდებოდა. 2021 წლიდან დაემატა ჩვენი სეგმენტიც და ამ ფარგლებში გვინდა გემის შემოყვანა, რომელიც დაიწყებს კულტივირებას და მოყვანას მთელი წლის განმავლობაში.

ჩვენ ვაპირებთ, საწარმოო გეგმა ისე დავსახოთ რომ 100 ტონა მოვიყვანოთ. მაშინ, როცა დღეს წელიწადში 20 ტონა მიდია მოდის. ვგეგმავთ წარმოების 5-ჯერ გაზრდას. ხუთჯერ გაზრდილი წარმოებით კი, მერწმუნეთ მათთვისაც მნიშვნელოვანი მოგება იქნება. ეს არის საქართველოს დიდი და აუთვისებელი პოტენციალი. ყველაფერი გვაქვს, შეგვიძლია, ჩვენ გავხდეთ მიდიების და ხამანწკების მწარმოებელი ქვეყანა და ამ დარგის განვითარებისთვის ჩვენის მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა მამუკა მიქაშაძემ.

თამარ მუკბანიანი