ქლიავის მოსავლის აღება უკვე დაიწყო - რა ღირს პროდუქტი

ქართულ ბაზარზე ქლიავი უკვე გაყიდვაშია, მაგრამ მთავარი სეზონი აგვისტოს ბოლოს იწყება. შიდა ქართლის რეგიონში გაზაფხულის ყინვის შედეგად, ქლიავის მოსავალი ნაწილობრივ დაზარალდა. თუმცა წარმოების მკვეთრ ვარდნას არ მოელიან. ამდენად, პორტალ EastFruit-ის შეფასებით, თუ ექსპორტზე მოთხოვნა არ გაიზრდება, ფერმერები ქლიავს, წინა წელთან შედარებით, მაღალ ფასში ვერ გაყიდიან.

„ქლიავი საქართველოს კომერციული ფერმებისთვის საუკეთესო არჩევანი არ არის და, როგორც წესი, მას მცირე ფართობებზე რგავენ. ფერმერები უფრო სხვა ხილს ირჩევენ თავიანთი ძირითადი წარმოებისთვის,“ - წერს EastFruit და საქართველოში ქლიავის პოპულარულ სახეობებს ასახელებს. ესენია: სტენლი, პრეზიდენტი და იმპერატრიცა, რომელთაგან სტენლი ყველაზე გავრცელებული ჯიშია. პორტალის შეფასებით, ფერმერები სტენლის ჯიშის დაბალ ფასებს ხშირად უჩივიან, ამიტომ ქლიავის წარმოებაში დამატებითი ინვესტიციების ჩადება არ სურთ.

კომპანია Tiriphoni Gardens-ს შიდა ქართლის რეგიონში 37 ჰექტარამდე ბაღს ფლობს და აქედან ქლიავის ნერგებს მხოლოდ 6 ჰექტარი უკავია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქლიავის დარგვის მოტივაცია 2018 წელს უფრო ჰქონდათ, რადგან 2016-2017 წლებიდან ამ ხილზე შედარებით მაღალი ფასები, ხარჯები კი დაბალი იყო. მაგალითად, 6 ჰექტარი ქლიავის ბაღის ბიუჯეტით ფერმერებს მაშინ 1 ჰექტარი ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენება შეეძლოთ.

დღეს ბაზარზე მსხვილი მწარმოებლები არ არსებობენ, ამიტომ ქლიავის ექსპორტზე ნაკლები მოთხოვნილებაა. ამასთან, ზედმეტად გაჯერებულია ადგილობრივი ბაზარიც, რის გამოც გასულ წელს Tiriphoni Gardens-მა 1 კგ ქლიავი 0.3 ლარად (0.1 დოლარად) გაყიდა და უკეთეს ფასს არც წელს მოელის.

EastFruit-ის მონაცემებით, შიდა ქართლისგან განსხვავებით, ევროპული და იაპონური ჯიშის ქლიავის კახელი მწარმოებლები უფრო პოზიტიურად არიან განწყობილი. კახეთში ქლიავი უფრო ადრე მწიფდება, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონში. ფერმერებს იაპონური ჯიშები უკვე გაყიდული აქვთ და ამჟამად სტენლის, პრეზიდენტსა და იმპერატრიცას კრეფენ. ისინი ვარაუდობენ, რომ წელს ქლიავზე მოთხოვნა შესაძლოა, რუსეთის ბაზარზე გაჩნდეს და ხარისხიანი ქლიავის ექსპორტის ფასიც მაღალი იქნება.

EastFruit-მა მიაკვლია ისეთ ფერმერებს, რომლებიც შედარებით იაფი ქლიავისგან ძვირადღირებულ პროდუქტს აწარმოებენ. ასეთი პროდუქტია გამოხდილი ალკოჰოლური სასმელი, ანუ მაღალხარისხიანი ქლიავის არაყი, რის პოტენციალსაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე ხედავენ. არყის გარდა, გამომშრალი ქლიავის პროდუქტია ჩირი, რომელსაც სტენლის ჯიშის ქლიავისგან ამზადებენ. სტენლის მოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ყოველწლიურად გადამამუშავებელი კომპანიები ყიდულობენ, რის გამოც ისინი ქლიავის ბაზარზე ფასების ერთ-ერთი განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენენ.

ხილის ჩირის კომპანიები ქლიავის შესყიდვას აგვისტოს ბოლოს აპირებენ. ისინი მოელიან, რომ წელს მოსავალი მცირე, მაგრამ ხარისხიანი იქნება, რადგან მცირე მოსავლიანობის პირობებში ნაყოფის საშუალო ზომა იზრდება, ჩირის წარმოებისთვის პროდუქტის ზომა და ხარისხი მნიშვნელოვანია. ჩირის კომპანიები ფერმერებისგან მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ქლიავს ყიდულობენ. EastFruit-ის მონაცემებით, გასულ წელს 1 კგ. პრემიუმ სტენლის ქლიავის საშუალო ფასი 0.4-0.45 ლარი (0.13-0.15 დოლარი) იყო. ჩირის კომპანიები იმედოვნებენ, რომ ფასები წელსაც იგივე დარჩება, რადგან მიწოდება შარშანდელივით გადამამუშავებელი კომპანიების მოთხოვნაზე მაღალი იქნება.

EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით, გასულ კვირას ქლიავის ფასი 0.8 ლარიდან (0.26 დოლარიდან) 2.5 ლარამდე (0.8 დოლარამდე) მერყეობდა. სექტემბრის დასაწყისში ფასები, სავარაუდოდ, დაეცემა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ