ივლისში ბათუმში „მეორად ბინებზე“ მოთხოვნა გაიზარდა - „კოლიერსი“

ბათუმში 2021 წლის ივლისში, ახალაშენებულ პროექტებში ტრანზაქციები 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-ით შემცირდა. ჯამურად სექტორში ტრანზაქციების კლებამ კი 11% შეადგინა - ამის შესახებ „კოლიერსის“ კვლევაშია ნათქვამი.

..ბათუმში, 2021 წლის ივლისში 1,154 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 18%-იანი კლება დაფიქსირდა და მოცულობამ 47 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წლის ივლისში, ბათუმში ახალაშენებულ პროექტებში 1,023 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 12%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა 2019 წლის ივლისთან შედარებით.

2021 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 3%-ით, 5.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში კი ტრანზაქციების რაოდენობა 56%-ით შემცირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, აქ ტრანზაქციების რიცხვი 24%-ით შემცირდა და 202 ერთეული შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, ტრანზაქციების ზრდა 2021 წლის პირველი ნახევრის ჭრილში ფიქსირდება.

,,ბათუმში, 2021 წლის პირველ ნახევარში 5,139 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 64%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი - 17%-ით“- ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება ბათუმის საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომას 2021 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით 218 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 75%-ით მეტია, ხოლო 2019-ის პირველ ნახევართან შედარებით 21%-იანი ზრდა ფიქსირდება.

თამარ მუკბანიანი