ჩინეთიდან ხოლ-ბოსტნეულის შესაფუთი ტომრების ექსპორტი შემცირდა

სასოფლო-სამეურნეო ბადის ტომრების ექსპორტიორი ჩინური კომპანია Shandong Fullway Import & Export წლევანდელი სეზონის ბრუნვით უკმაყოფილოა. ტომრების საექსპორტო სეზონი აგვისტო-ოქტომბრის პერიოდშია. Shandong Fullway-ში აცხადებენ, რომ წინა წელთან შედარებით, მიმიდნარე სეზონზე ექსპორტის მოცულობა გაცილებით მცირეა. ინფორმაციას დარგის პორტალი FreshPlaza ავრცელებს.

კომპანიაში ექსპორტის შემცირების მიზეზად გადაზიდვების მაღალ ფასებს, ჩინური იუნის გაუფასურებასა და კოვიდპანდემიის შედეგებს ასახელებენ. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადაზიდვის ღირებულება გასული წლის ოქტომბრიდან იზრდება. მაგალითად, ქინგდაოდან როტერდამში ერთი სტანდარტული კონტეინერის გადაზიდვა ამჟამად, დაახლოებით, 15 000 დოლარი ღირს, ამიტომ მაღალი ფასის გამო, ზოგიერთი უცხოელი იმპორტიორი შესყიდვებზე თავს იკავებს.

„ბადის ტომრებზე დიდი მოთხოვნა სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის გადამამუშავებელ ქარხნებს აქვთ, რომლებიც მათ სამხრეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმწოდებლებისგან ყიდულობენ. დამატებითი ინტერესი ჩინეთის ექსპორტს ასტიმულირებს და ბოლო კვირების განმავლობაში, კვირაში საშუალოდ, ორ კონტეინერს ვაგზავნით,“ - აცხადებს Shandong Fullway-ის წარმომადგენელი.

კომპანიის ასორტიმენტი მოიცავს ცილინდრისებულ ბადისა და 2-დან 75 კგ-მდე საქონელზე გათვლილ ერთფენა ბადის ტომრებს.

„ჩვენი ბადის ტომრები კარტოფილის, ხახვის, სტაფილოს და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების შესაფუთად შესაფერისია. ტომრები სამი სახეობისაა: ნაქსოვი, მარტივად ნაქსოვი და წრიულად ნაქსოვი. უკრაინაში და რუსეთში მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ პოლიეთილენის მასალით ნაქსოვ ბადის ტომრებს, სამხრეთ ამერიკელებს კი პოლიპროპილენის ცილინდრისებული ბადეები ურჩევნიათ. ნიდერლანდებსა და გერმანიაში ჩვენი მომხმარებლები, ტრადიციულად, პოლიპროპილენის მარტივად ნაქსოვ ბადის ტომრებს ირჩევენ. ტომრების ეტიკეტებზე, ფერებზე, ზომებსა და წონაზე მომხმარებლების მოთხოვნები სხვადასხვაგვარია,“ - აცხადებს კომპანიის წამრომადგენელი.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ავტომატური შეფუთვა თანდათან ნორმად ყალიბდება. მზარდი რაოდენობის შესაფუთი ქარხნები და ფერმები ავტომატური აწონვა-შეფუთვის მოწყობილობებში სულ უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ. შეფუთვის ცვლილებები ბადის ტომრების მიმწოდებლებისგან უფრო მაღალ სტანდარტებს მოითხოვს. Shandong Fullway-ში კომპანიის უპირატესობად სპეციალური საწარმოო ხაზის დამატებას ასახელებენ, რომლის დახმარებითაც ბადის ხვრელის დარტყმის ტექნოლოგია გაუმჯობესდა. ზოგადად, ამ ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ბადის ხვრელების გაკეთებაა.

„ინდუსტრიაში კიდევ ერთი ზოგადი ტენდენციაა: გამოყენებულ ბადე-ტომრებს ხელახლა გადაამუშავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტომრები უფრო იაფია, ისინი, ახლებისგან განსხვავებით, ნაკლებად მოქნილია. შესაძლოა, მათ წინა პროდუქტის სუნიც აყვეს და შეფუთული ახალი პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებაზე გარანტია არ არსებობს. ჩვენი ნედლეულისგან დამზადებული ბადე-ტომრები მეტად მოქნილი, რბილი და მკვეთრი ფერისაა. მათზე წინა გამოყენებისგან არანაირი კვალი არ რჩება,“ - აცხადებენ Shandong Fullway-ში.

კომპანია მთავარ აქცენტს სწრაფ მიწოდებაზე აკეთებს და ცდილობს, მომხმარებელს საქონელი 20 დღის განმავლობაში მიაწოდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ