აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგის 4700 ცალი მოწყობილობა გათიშეს

სტრუქტურებმა, რომლებიც აფხაზეთში კრიპტოვალუტის არალეგალურ მოპოვებას აკონტროლებენ, წლის განმავლობაში მაინინგის 4700 ერთეული მოწყობილობა დალუქეს, აქედან 1100 უკვე ექსპორტირებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახური, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მიკვაბიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგზე და რეგიონში შესაბამისი აღჭურვილობის იმპორტზე 2022 წლის 31 მარტამდე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

”ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მთელი წლის განმავლობაში მოხდა 4 700 ერთეული მაინინგის მოწყობილობის გათიშვა და დალუქვა, აქედან 1100 რესპუბლიკიდან იყო გატანილი. ჯარიმების საერთო რაოდენობამ 600 ათასი რუბლი შეადგინა. სასამართლოში 14 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების სარჩელებია შეტანილი” - ნათქვამია განცხადებაში.

RUE "Chernomorenergo"-ს გენერალური დირექტორის თენგიზ გირჯინბას განცხადებით, ელექტროენერგიის ყოველდღიური მოხმარება ამჟამად 5 მილიონ კვტ / სთ-ს აღემატება, რაც ნორმაზე 500 კვტ/სთ-ით მეტია. მისივე თქმით, ამას გარდა ტურისტულ სეზონზე ელექტროენერგიის მოხმარების ბუნებრივი ზრდა შეინიშნება.

მაინინგის გამო ელექტროენერგიის არალეგალურმა მოხმარებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი წარმოშვა, რის გამოც ივნისიდან მოსახლეობას დენი გრაფიკით მიეწოდება. მათ ღამის განმავლობაში დენი ორი საათით ეთიშებათ. საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი მმართველობა აპირებს ელექტროენერგიის გათიშვის დრო გაახანგრძლივოს.

თეონა რამაზაშვილი