,,2019 წელთან  შედარებით გაყიდვები 18%-ით გაიზარდა“ – რა გეგმები აქვს „გეფერინს“

ქვეყნის შიგნით გაყიდვები 18%-ით გაიზარდა, თუმცა საექსპორტო ბაზრებიდან, მხოლოდ 4 ქვეყანაში აღდგა რეალიზაცია - ამის შესახებ „გეფერინის“ დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში და ექსპორტზე გაყიდვების წილი უკვე 50-%-50%-ზეა.

,,შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ყველა მაღაზია გავხსენით და ეტაპობრივად, ექსპორტიც დაბრუნდა. ადრე თუ არ იყო ამდენად მნიშვნელოვანი ონლაინ პლატფორმა, ახლა მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ჯერ საქართველოში დავნერგეთ და გავმართეთ ეს სისტემა და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში გადავიტანეთ.

ამ ეტაპამდე, ყველა საექსპორტო ბაზარი ვერ დავიბრუნეთ. რეალიზაცია აღდგა 4 ქვეყნაში - აშშ-ში, საფრანგეთში, ყაზახეთში და რუსეთში. თუმცა, იქაც ონლაინ პლატფორმით ვვაჭრობთ, რადგან შეზღუდვები ჯერ კიდევ არის. პანდემიამდე ჩვენი საექსპორტო და შიდა გაყიდვები 70%-30%-ზე იყო და ახლა 50%-50%-ზეა. საერთო ჯამში ექსპორტს დავეწიეთ.

ბოლო კვარტალში 2019 წელთან მიმართებაში შიდა გაყიდვები 18%-ით არის გაზარდილი. გასულ წელს, რა თქმა უნდა, არ ვადარებთ, რადგან გაჩერებული იყო ყველაფერი“, - განაცხადა ილია გეფერიძემ.

მისივე თქმით, კომპანია გაფართოებას და ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას მიმდინარე წელს გეგმავს.

,,წლის ბოლომდე ვგეგმავთ ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებას. გაფართოებას ვაპირებთ, როგორც ფეხსაცმლის, ასევე ჩანთების ხაზის. ეს გასულ წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ახლა, ინვესტორებთან მიდის მოლაპარაკებები და შემოდგომაზე უკვე გვეცოდინება, რა მოცულობის ინვესტიციას განვახორციელებთ და რამდენად გაიზრდება ჩვენი საწარმოო ხაზი“, - ამბობს გეფერიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილმა, გეომეტრიული დიზაინის ჩანთებმა დაინტერესება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიწვია. Gepherrini-ს პროდუქცია იყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, შვედეთში, ჩინეთში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოში კომპანია 6 სავაჭრო წერტილით არის წარმოდგენილი, აქედან 5 თბილისში და ერთი - ბათუმში.

თამარ მუკბანიანი