Disney-ს  აპლიკაცია Genie პარკში ვიზიტის გრაფიკსა და კონფიგურაციას ადგენს

კომპანია Disney-მ აპლიკაცია Genie ჩაუშვა, რომელიც მის გასართობ პარკებში ვიზიტის დაგეგმვის გამარტივებისთვის შეიქმნა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. აპლიკაციაში მომხმარებლებს შეუძლიათ, მიუთითონ, თუ რითი სურთ პარკში გართობა, რომელ პერსონაჟებთან შეხვედრა, სად სურთ წახემსება და გასეირნება, რის შემდეგაც პროგრამა მარშრუტს ადგენს. აპლიკაციის შექმნის მიზანი ისაა, რომ სტუმრებმა რიგებში დრო არ დაკარგონ და მომსახურების დროს პერსონალი და Disney-ს პერსონაჟები თითოეულ მათგანთან მეტ დროს ატარებდეს.

აპლიკაცია Genie გათვლილია იმაზეც, რომ იყოს მოქნილი და თუ სტუმრები, მაგალითად, პარკში სეირნობას გადაიფიქრებენ ან სხვა რესტორანს აირჩევენ, Genie გრაფიკსა და კონფიგურაციას მაშინვე შეცვლის. პარკის დამთვალიერებლებს, ასევე, შეუძლიათ, აპლიკაცია საჭმლის შესაკვეთად და საქონლის შესაძენად გამოიყენონ. Genie აჩვენებს ატრაქციონების ლოდინის მიმდინარე და პროგნოზირებულ დროსაც.

პირველად აპლიკაცია Genie 2019 წელს, გამოფენა Disney’s D23 Expo-ზე ახსენეს. იმ დროს თემატურმა პარკებმა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყეს და გასართობი ინდუსტრიის დიდი ნაწილი ბილეთების ონლაინ დაჯავშნაზე გადავიდა. პარკებმა, ასევე, მობილურით შეკვეთებისა და გადახდების სისტემა შემოიღეს.

„პარკებს ხალხი დაუბრუნდა, რაც მთავარია, დაუბრუნდა 2019 წლის დონემდე და უფრო მაღალი მონეტიზაციით. პარკები მომხმარებლებისგან უფრო მეტ დოლარს იღებენ, რადგან მობილურით შეკვეთა-გადახდისას ისინი უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ტრადიციული ნაღდი ანგარიშსწორების დროს. ამასთან, ციფრული ტექნოლოგიების წყალობით, პარკები უფრო ეფექტიანად მუშაობენ,“ - აცხადებს B. Riley Securities-ის უფროსი ანალიტიკოსი, ერიკ უოლდი.

აპლიკაციის გადახდის ვერსიას „Disney Genie+“ უწოდეს და ის პარკის FastPass-ის, FastPass+ და MaxPass-ის სერვისებს ჩაენაცვლება, რაც პანდემიის დროს შეჩერდა. Genie+ ასევე, შეიცავს ახალ აუდიო და ფოტო ფუნქციებს, როგორიცაა გაფართოებული რეალობის ლინზები Disney World-ში და Disney PhotoPass-ის შეუზღუდავი ჩამოტვირთვები Disneyland-ში.

აპლიკაცია Genie ატრაქციონების ინდივიდუალური არჩევანის საშუალებასაც იძლევა. სტუმრებს შეუძლიათ, დანიშნონ დრო, რომ ყოველდღე ორი ყველაზე მოთხოვნადი ატრაქციონით ისარგებლონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ